“მე მინდოდა ისეთი სკოლა შემექმნა, რომელიც ბავშვებს ეყვარებოდათ” – სწორედ ეს სიტყვები იყო და არის სკოლის მთავარი პრიორიტეტის განმსაზღვრელი.

ჩვენი სკოლისთვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. პროფესიონალი პედაგოგები, მრავალფეროვანი და თანამედროვე მეთოდებით სწავლება, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის მეგობრული დამოკიდებულება, მშობლებსა და სკოლას შორის ჯანსაღი ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის განსაზღვრავს სასურველ შედეგს – აღვზარდოთ ჯანსაღი, კრიტიკულად მოაზროვნე და შემოქმედებითი აზროვნების მქონე მომავალი თაობა. შევუქმნათ მათ უსაფრთხო სასწავლო გარემო.

ჩვენი სკოლის წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა სკოლაში მიღებული განათლების საფუძველზე, წარმატებით შეძლეს საკუთარი ინტერესებისა და მისწრაფებების მაქსიმალურად გამოვლენა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

მისია

ქეთევან დოლიძის სახელობის სკოლა ,,მერმისის’’ მისიაა აღზარდოს მოსწავლეები
განათლებულ, მცოდნე, პატრიოტ, დემოკრატიული ღირებულებების მქონე, თავისუფალ
მოქალაქეებად. მისცეს მათ ნიჭისა და შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება,
განუვითაროს პასუხისმგებლობის, კრიტიკულად აზროვნების , გადაწყვეტილებების
დამოუკიდებლად მიღების, განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის უნარი,
თანამედროვე სამყაროსთან ადაპტირების შესაძლებლობა.

ხედვა

სკოლის მისიიდან გამომდინარე, სკოლის ხედვაა მოსწავლეთა უმრავლესობას შეეძლოს
საკუთარი შესაძლებლობების შეფასება, თავის წარმოჩენა, სხვადასხვა მიმართულებით
განვითარება და მიზნისაკენ სვლა. მოსწავლეთა 90% შეძლოს კრიტიკული და ანალიტიკური
აზროვნება, თანამშრომლობა და კომუკაცია, მუდამ იღწვოდეს ახალი ცოდნის შესაძენად,
მოსწავლეთა 60-70% გამოავლინოს შემოქმედებითი უნარები, ხოლო 95% იყოს დამოუკიდებელი
და შეძლოს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ გადაწყვეტილებაზე. თითქმის ყველა მოსწავლე
წარმატებითა და გრანტებით ირიცხებოდეს უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის – 50%
მსოფლიოს უნივერსიტეტებში და იყვნენ გამორჩეული სტუდენტები.

ღირებულებები

ქეთევან დოლიძის სახელობის სკოლა ,,მერმისი’’ დაარსების დღიდან (1994 წ.) იზიარებდა და
ახლაც იზიარებს დემოკრატიის პრინციპებს, იღწვოდა და იღწვის სწავლა-სწავლების სისტემაში
სიახლეების დანარგვისათვის. ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული კულტურის პატივისცემა და
მსოფლიო კულტურით დაინტერესება, დასავლური ცივილიზაციის მიღწევების აღიარება და
ცოდნა, მოქალაქეობრივი შეგნება, ტოლერანტობა და ემპათია, თანამშრომლობა და
გუნდურობის განცდა.