XV მოსწავლეთა წახალისება, დისციპლინარული გადაცდომა და სახდელი

XV.1. მოსწავლეთა წახალისება

XV.1.1. საშუალო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეს ეძლევა სწავლის გადასახადის 20%-იანი შეღავათი;
XV.1.2. სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგების, კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის და სხვა საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისათვის მოსწავლე ჯილდოვდება: სიგელით, დიპლომით, ფასიანი საჩუქრით და სხვა ჯილდოებით.
XV.1.3.მოსწავლეთა წახალისება ხდება საჯაროდ.

XV.2. დისციპლინური სახდელი

დისციპლინარული სახდელი შეიძლება გამოყენებულ იქნას:
სისტემატიური არასაპატიო გაცდენების, სისტემატიური დაგვიანებების, გაკვეთილის ჩაშლის მცდელობის, მოსწავლის, ან მასწავლებლის მიმართ უხეშობის გამოვლენის, ვანდალიზმის ჩადენის, გაკვეთილის თვითნებურად მიტოვების, ალკოჰოლის მოტანისა და გამოყენების, ცეცხლსასროლი, ცივი ან სხვა საშიში, საფრთხის შემცველი იარაღების მოტანისა და მოსწავლის ქცევის კოდექსის დარღვევის სხვა შემთხვევებში.
დისციპლინარული სახდელია:
XV.2.1. სიტყვიერი შენიშვნა- შენიშვნა შეიძლება მიეცეს მოსწავლეს ქცევის კოდექსით გათვალისწინებული ნორმის/ნორმების დარღვევის შემთხვევაში სკოლის ნებისმიერი თანამშრომლის მიერ და აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობოს კლასის აღმზრდელ-კურატორს, ან კოორდინატორს აღმზრდელობით დარგში. თავის მხრივ, აღმზრდელმა უნდა უზრუნველყოს დარღვევების მოსწავლეთა მონაცემთა ბაზაში განთავსება. დისციპლინური ნორმის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში (თუნდაც დაფიქსირდეს სხვა ნორმის დარღვევა) მოსწავლეს მიეცემა წერილობითი საყვედური.
XV.2.2. საყვედური (წერილობითი ფორმით)- კოორდინატორი აღმზრდელობით დარგში ვალდებულია შეიმუშაოს დოკუმენტი, სადაც დაფიქსირდება დარღვევის სახე, დარღვევის დრო და ხელმოწერილი  იქნება მოსწავლის, მშობლის, დამრიგებლის ან დარღვევის დამფიქსირებლის მიერ. დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოსწავლეს დაეკისრება სკოლისათვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება.
XV.2.3. სკოლისათვის სასარგებლო იძულებითი სამუშაოს შესრულება- (ეზოს, საკლასო ოთახის, ბიბლიოთეკის ან შენობის სხვა ნაწილის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობა არასაგაკვეთილო პერიოდში – გაკვეთილების დაწყებამდე ან გაკვეთილების შემდგომ);
XV.2.4. საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 5-დან 10 დღემდე ვადით – აღნიშნული სახდელი დაეკისრება მოსწავლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც სკოლის ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის , რომ მოსწავლის ყოფნა ან საფრთხეს უქმნის სხვა მოსწავლეებს ან ემსახურება დაძაბულობის განმუხტვას. ამ პერიოდის განმავლობაში მეთვალყურეობა ეკისრება მშობელს.
XV.2.5. გაკვეთილიდან გაძევება- გაკვეთილის ჩაშლის მცდელობისთვის მოსწავლე იგზავნება დირექტორთან, ან კოორდინატორთან აღმზრდელობით დარგში. მოსწავლეს ზედამხედველობას უწევს დამრიგებელი, ან მორიგე მასწავლებელი. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობება მშობელს. დამრიგებელი ვალდებულია აღნიშნული ფაქტი შეიტანოს მონაცემთა ბაზაში;
XV.2.6. ზარალის ანაზღაურების დაკისრება- აღნიშნული სახდელი მოსწავლეს დაეკისრება სკოლის  ან სხვა მოსწავლის, მასწავლებლის საკუთრების ხელყოფის, ან დაზიანების შემთხვევაში; აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებისას სკოლაში უნდა იქნას გამოძახებული მოსწავლის მშობელი/მზრუნველი, როგორც ზარალის ანაზღაურებაზე  პასუხისმგებლი პირი;
XV.2.7. სასკოლო კლუბებში, წრეებში, სკოლის მიერ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის პრივილეგიის ჩამორთმევა- აღნიშნული სახდელი დაეკისრება დისციპლინური კოდექსის დამრღვევ მოსწავლეს დისციპლინური გადაცდომის ყველა შემთხვევაში  დირექციის გადაწყვეტილების საფუძველზე.   სახდელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს;
XV.2.8. ზემოთ მოცემული სახდელები ვრცელდება დარღვევის ყველა ფორმაზე გარდა “ნულოვანი ტოლერანტულობის” მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. სახდელით დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსწავლეზე გავრცელდება “ნულოვანი ტოლერანტულობის”* მუხლით გათვალისწინებულ სახდელი.
XV.2.9. ალტერნატიულ სკოლაში განთავსება. ალტერნატიულ სკოლაში განთავსდება მოსწავლე, რომელმაც ჩაიდინა “ნულოვანი ტოლერანტობის” მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
* განმარტება: ნულოვანი ტოლერანტობა არის დასჯის ისეთი ფორმა, როდესაც დარღვევის სიმძიმის გამო არ ვრცელდება არანაირი შემამსუბუქებელი პროცედურა და მოსწავლე ან ირიცხება სკოლიდან, ან განთავსდება ალტერნატიულ სკოლაში.
XV.2.10. ნულოვანი ტოლერანტობის კატეგორიას განეკუთვნება:
მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა; მასწავლებლის/მოსწავლის, ან სკოლის სხვა თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა; ცივი იარაღის ტარება (პირველ ჯერზე 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრება და განმეორების შემთხვევაში სკოლიდან გარიცხვა, ან ალტერნატიულ სკოლაში გადაყვანა); ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, შენახვა.
XV.2.11. დისციპლინარული გადაცდენის განხილვა პედსაბჭოზე, საყვედურის პირად საქმეში დაფიქსირება – ამ სახდელის გამოყენება ხდება დისციპლინარული გადაცდომის არაერთხელ გამეორების შემთხვევაში; მომდევნო სახდელი შეიძლება იყოს სხვა, ალტერნატიულ სკოლაში გადაყვანა
XV.2.12. კოლექტიური დისციპლინარული სახდელი-მთელი კლასის მიერ დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში,(მაგალითად ე.წ.”შატალო”), კლასს ედება ამგვარი სახდელი, დამატებითი სამუშაო გაცდენილი სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით ან დამატებითი გამოცდის დანიშვნა;
XV.2.13. მოსწავლეთა თვითმმართველობის პასუხისმგებლობისა დაკონტროლის დაწესება-
ამ სახდელის გამოყენება ხდება ნაკლებად მძიმე დისციპლინარული გადაცდომის შემთხვევაში, მოსწავლესა და თვითმმართველობასთან შეთანხმებით;
XV.2.14. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება:
მოსწავლეს შეუძლია გაასაჩივროს  დისციპლინური სახდელი პედსაბჭოზე. მოსწავლეს უფლება აქვს მშობელთან/მზრუნველთან ერთად დაესწროს   მასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას; მოსწავლეს და მის მშობელს/მზრუნველს უფლება აქვთ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან.