IV დასაქმებულთა საერთო უფლება-ვალდებულებები

IV.1 დასაქმებულს უფლება აქვს

IV.1.1. მოსთხოვოს დამსაქმებელს წინამდებარე ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;
IV.1.2. მიიღოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 (ოცდაოთხი) სამუშაო დღე;
IV.1.3. ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – არანაკლებ 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა;
IV.1.4. ისარგებლოს საქართველოში დაწესებული უქმე დღეებით. უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და ანაზღაურდება ხელშეკრულებით   გათვალისწინებული წესით;
IV.1.5. დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში მიიღოს სრულად ანაზღაურებადი ბიულეტენი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს წელიწადში. ყოველი ბიულეტენი უნდა დასაბუთდეს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით;
IV.1.6. ორსულობის და მშობიარობის, ახალშობილის შვილად აყვანის და ბავშვის მოვლის შემთხვევაში ისარგებლოს შვებულებით შრომის კოდექსის შესაბამისად;
IV.1.7. უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. ასეთ შემთხვევაში იგი აღნიშნულ გარემოებათა თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს დამსაქმებელს.

IV.2 დასაქმებული ვალდებულია:

IV.2.1. კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები; დაიცვას შრომის შინაგანაწესი, დროულად და ზუსტად შეასრულოს სკოლის დირექტორის და ადმინისტრაციის განკარგულება, დროულად გამოცხადდეს სამუშაოზე, საპატიო მიზეზით (ჯანმრთელობის გაუარესების, ქორწინების, მძიმე ოჯახური გარემოებების ან სხვა) სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია განცხადებით (რომელშიც მიუთითებს შემცვლელის ვინაობას) მიმართოს სკოლის დირექტორს დროებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო საგანგებო სიტუაციაში აცნობოს ადმინისტრაციის წევრებს;
IV.2.2. გამოიყენოს ყოველი სამუშაო საათი სასარგებლო, ნაყოფიერი შრომისათვის, თავი შეიკავოს მოქმედებებისაგან, რომელიც ხელს უშლის სხვა მუშაკებს შეასრულოს თავიანთი მოვალეობები;
IV.2.3. გაუფრთხილდეს მიბარებულ ქონებას;
IV.2.4.  წერილობით შეატყობინოს დამსაქმებელს მის პირად მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ, ასეთი ცვლილებიდან 1 (ერთი) კვირის განმავლობაში;
IV.2.5. დამსაქმებლის მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას ინფორმაცია ადრინდელი საქმიანობის შესახებ და შეუფერხებლად წარადგინოს ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული მონაცემები;
IV.2.6.  დაიცვას სკოლაში მომუშავე მუშაკისათვის შესაფერისი ესთეტიკური ნორმები;
IV.2.7. უზრუნველყოს ყველა საბუთის, მიმოწერის, აგრეთვე მოწყობილობის, ავეჯის და ა.შ. უსაფრთხოდ შენახვა და შინაგანაწესით დადგენილი უსაფრთხოების სხვა პროცედურების დაცვა. დასაქმებულს არა აქვს უფლება გადაადგილოს დამსაქმებლის ქონება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს აუცილებელია დასაქმებულის მიერ მისი მოვალეობის შესრულებისათვის და/ან ნებადართულია დამსაქმებლის მიერ. ნებისმიერი მსგავსი ნებადაურთავი ქმედება ჩაითვლება არსებით დარღვევად, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს დასაქმებული პირის განთავისუფლება;
IV.2.8. არ გათქვას კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს;
IV.2.9. დასაქმებული პირადად და სრულად აგებს პასუხს ნებისმიერი ზიანის და/ან დანაკარგისათვის, რომელიც მიადგება დამსაქმებელს, მისთვის მინდობილი ქონების არამიზნობრივად გამოყენების შედეგად ან დაუდევრობით;
IV.2.10. დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების და შრომის დაცვის მოთხოვნები, ტრავმატიზმის ყველა შემთხვევა დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციას, თითოეული მუშაკი პასუხისმგებელია ბავშვების უსაფრთხოებაზე;
IV.2.11. დაიცვას სკოლის შენობებით სარგებლობის და სახანძრო უსაფრთხოების წესები;
IV.2.12. რაციონალურად გამოიყენოს სასკოლო მასალა, ელექტროენერგია, გათბობა, წყალი და გაუფრთხილდეს სკოლის საკუთრებას;
IV.2.13. სამსახურსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოიქცეს ღირსეულად, დაიცვას სუბორდინაცია და კოლექტივში ქცევის ეთიკური ნორმები, იყოს ყურადღებიანი და თავაზიანი სკოლის კოლექტივის წევრებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან;
IV.2.14. დროულად და აკურატულად შეავსოს მის პროფესიულ კომპეტენციაში შემავალი დოკუმენტაცია;
IV.2.15. დაიცვას შრომის ჰიგიენა და სანიტარული ნორმები.